logo
ENG



"საქართველომ უკან დაიხია ნაკისრი ვალდებულებების კუთხით"- ევროპარლამენტის ახალი ანგარიში

05 აპრ 202202:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/vlaen25izcn59e9.jpg

ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასებაზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020-2022 წლებს მოიცავს.

დოკუმენტის ავტორები სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლორ დელკური და ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, ჰანა აჰამად მადატალი და ტალანდერ იანსენი არიან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან იმ ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო".

"მკვეთრი პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები საკუთარ არსს კარგავენ, მმართველი კოალიცია კი საკუთარ ძალაუფლებას სულ უფრო მეტად ზრდის და ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის.

მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების გახმაურებული დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. კერძოდ, ნაჩქარევი და მოსამართლეთა არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის არგანხორციელება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ასრულებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს და ეფექტურად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებთან კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ.

დოკუმენტში დადებითად ფასდება თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნულია, რომ "საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა".

ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო"

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ, თუმცა მთავარ გამოწვევად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებები და მათ მიმართ დისკრიმინაცია.

"2020-2021 წლებში გაუმჯობესდა სიტუაცია სამსახურებში გენდერული თანასწორობის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა უფლებების კოდექსის მხრივ. მთავარ პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებები და მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია".


close დახურვა